English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიორგი ღაღანიძე
ეფექტიანი საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება თანამედროვე პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებისა და ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექსპორტო სტრატეგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის კავშირურთიერთობების საკითხებს: რამდენად უნდა მოხდეს თანამდროვე ინდუსტრიული პოლიტიკისა და საექსპორტო სტრატეგიების კოორდინირება, როგორ უნდა გავანაწილოთ შეზღუდული რესურსები, რა არის საექსპორტო სტრატეგიების ეფექტიანობის შესაფასებელი კრიტერიუმები.გაანალიზებულია განვითარების თანამედროვე ეტაპზე ექსპორტის ხელშემწყობის სტრატეგიების ფორმირების ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები:საექსპორტო სტრატეგია;კონკურენტული უპირატესობა;თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა.

1.   საექსპორტო სტრატეგიის ფორმირების პრიორიტეტები საქართველოშიპროდუქტებითი ბაზრები

წარმატებული საექსპორტო სტრატეგია ყოველთვის მიიჩნეოდა სახელმწიფოს წარმატების ერთ-ერთ ინდიკატორად. ექსპორტის ზრდა ერთდროულად ნიშნავს რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესებას: საგადამხდელო ბალანსის სალდოს, დასაქმების, საბიუჯეტო შემოსავლების. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინტერესო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული ქართველ და უცხოელ მეცნიერებს (მოყვანილია ბიბლიოგრაფიაში 1-18). გლობალიზაციის პირობებში რეალობა იცვლება და ექსპორტის მიმართ დამოკიდებულება უფრო პრაგმატული ხდება. კერძოდ, “საექსპორტო ბაზრების განვითარება ბევრი ფირმისათვის, რომლებიც აწყდებიან ეკონომიკური მდგომარეობის გამოწვევებს, ჩნდება გადარჩენის შესაძლებლობა და არა არჩევანის საკითხი.”[O’Cass, Aron and Craig Juliann, 2003]. ეს დებულება ნათლად ასახავს ექსპორტის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას, კერძოდ, ექსპორტი, როგორც განვითარების ერთ-ერთი გზა, მძაფრი კონკურენციის პირობებში გადაიქცა გადარჩენის შესაძლებლობად. ექსპორტის ზრდა, თუნდაც იმპორტის ზრდის კვალობაზე, წარმოადგენს დადებით მოვლენას, ვინაიდან ექსპორტის განსახორციელებლად აუცილებელი იმპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე საბოლოო ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებლები. არსებული საექსპორტო პროდუქტების წარმოების ზრდა და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ცხადია, იწვევს დასაქმების ზრდას. დასაქმების ზრდის კვალობაზე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადი. ასევე მზარდი იქნება ექსპორტორიენტირებული საწარმოების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი. ამდენად ექსპორტის ზრდა ყველა თვალსაზრისით მომგებიანია. სწორედ ეს განაპირობებდა მთავრობების დიდ დაინტერესებას ამ პრობლემისადმი და მუდმივ სწრაფვას, მოეპოვებინათ ამ ზრდის განმახორციელებელი საიმედო მოდელები. ექსპორტის ზრდის მოდელების მიმართ არც აკადემიური ინტერესი ყოფილა როდესმე დაბალი, გავიხსენოთ, თუნდაც საყოველთაოდ ცნობილი ”უპსალას მოდელი”. ბოლო პერიოდში გამოჩნდა საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციები, რომლებიც “უპსალას” მოდელს უკავშირებდნენ ედიტ პენროუზის მიერ შემოთავაზებულ ფირმის ზრდის მოდელს. ასევე მკვლევართა უმრავლესობა მიანიშნებდა, რომ: “პენროუზი აღიარებდა, რომ არა მხოლოდ მენეჯერები აკონტროლებენ და კოორდინირებას უწევენ რესურსებს, არამედ რესურსებიც ახდენენ გავლენას მენეჯერებზე და განსაზღვრავენ მათ გადაწყვეტილებებს” [Best M.H, Garnsey E, 1999]. აღნიშნული მოდელების მიმართ ძალიან მაღალია დაინტერესება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც. ჩამოყალიბდა და გამოიცადა რამდენიმე საინტერესო მიდგომა, მაგალითად ექსპორტის მეშვეობით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, ექსპორტის წახალისების ზოგადი სქემები, ექსპორტის ზრდის კვალობაზე სიღარიბის დაძლევა და ა.შ.

თუ უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ ამ მოდელებს, შესაძლებელია გამოვყოთ ექსპორტის წახალისების ორი მიმართულება: საექსპორტო სტრატეგიები უკვე არსებული საექსპორტო პროდუქტების ბაზაზე და საექსპორტო სტრატეგიები ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნით. უკვე არსებული საექსპორტო პროდუქტების ბაზაზე ფორმირებული საექსპორტო სტრატეგიების მიზანია: ახალი საექსპორტო ბაზრების აღმოჩენა, უკვე არსებულ საექსპორტო ბაზრებზე უფრო მაღალ საფასო ნიშაში პროდუქციის რეალიზაცია, არსებული საექსპორტო პროდუქტების ბაზაზე უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მნქონე ახალი საექსპორტო პროდუქტების წარმოება. შევეცადოთ და განვიხილოთ ეს სტრატეგიები საქართველოსთან მიმართებაში. ახალი ბაზრების ან უფრო მაღალი საფასო ნიშების ათვისება ცალსახად შესაძლებელია ქართული ღვინისათვის, ხოლო სხვა არსებული საექსპორტო პროდუქტებისათვის ეს მიდგომა უფრო დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი. ახალი ბაზრების მიმართულებით საქართველოსათვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება აშშ-სთან, იაპონიასთან და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებთან. უფრო მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის წარმოება კი შესაძლებელია თხილის, დაუმუშავებელი ოქროს ან ფეროშენადნობების შემთხვევაში. ყველა ამ შემთხვევას აერთიანებს ერთი მახასიათებელი ჴ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქცია უნდა გაიყიდოს პრინციპულად ახალ ბაზრებზე, რაც დაკავშირებულია სერიოზულ ინვესტიციებთან. ბაზრების ცვლილება რთული და მტკივნეული პროცესია, წარმოიდგინეთ აწყობილი სისტემა, როდესაც კარგად ცნობილია საექსპორტო შეკვეთების ძირითადი მახასიათებლები _ დრო, მიწოდების ვადა, პარტიის ზომა, შეფუთვის და მარკირების საკითხები და ა.შ. ბაზრის ცვლილება ცვლის ყველა ამ საკითხს, იზრდება ტრანზაქციული ხარჯები, რომლებიც მოიცავს ახალი კონტრაქტების მოძიების, გაფორმების, კონტრაქტის პირობების შესრულების და სხვა ხარჯებს. სწორედ ამიტომ აუცილებელი ხდება სპეციალიზაცია, როდესაც მწარმოებელი კომპანიები ორინეტირებული არიან მაქსიმალური ეფექტიანობით პროდუქციის წარმოებაზე, ხოლო სავაჭრო კომპანიები იძიებენ ახალ ბაზრებს, ახალ კონტრაქტებს და ამდენად ხელს უწყობენ ექსპორტის საერთო ზრდის ამოცანის გადაწყვეტას. არსებული საექსპორტო პროდუქტების ახალ ბაზრებზე გაყიდვა, ფაქტობრივად იგივეა, რაც ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნის ამოცანა. ამდენად, მიზანშეწონილია ვისაუბროთ სწორედ ამ საექსპორტო სტრატეგიის ფორმირებაზე. რამდენად შესაძლებელია საექსპორტო სტრატეგიის ფორმირება, რომელიც ორიენტირებულია ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნაზე?

  მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები ყოველთვის ამართლებს თუ უკვე გატარებულია ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამდენად აუცილებელია ქვეყანაში საერთო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ამის კვალობაზე ინვესტორთა დაინტერესება ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოებით. უნდა გვახსოვდეს, რომ საექსპორტო პროდუქტები ხშირად აპრობირებულიც ვერ იქნება შიდა ბაზარზე და ისე უნდა ჩაერთოს კონკურენტულ ბრძოლაში მსოფლიო ბაზარზე.

გავაანალიზოთ საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა 2016 წლის ექსპორტის მონაცემების საფუძველზე. პირველ რიგში გავაანალიზოთ საერთო, განზოგადებული მონაცემები. 2012-2016 წლების პერიოდში მსოფლიო სასაქონლო ექსპორტს ახასიათებს კლების ტენდენცია, ხოლო მომსახურების ექსპორტი პირიქით, ზრდით ხასიათდება.

ცხრილი 1

მსოფლიო და საქართველოს სასაქონლო ექსპორტი ათას აშშ დოლარში

 

2012

2013

2014

2015

2016

%-ული წილი 2016

მსოფლიო ექსპორტი

18,459234570

18,597098844

18,969800644

16,508463885

15,862397780

 

საქართველოს ექსპორტი

2,376634

2,910582

2,861043

2,204676

2,113734

0,01

წყარო:საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი

  ცხრილი 2

მსოფლიო და საქართველოს  მომსახურების ექსპორტი ათას აშშ დოლარში

 

2012

2013

2014

2015

2016

%-ული წილი 2016

მსოფლიო ექსპორტი

4,518752202

4,807800693

5,139077647

4,848731160

4,833009772

 

საქართველოს ექსპორტი

2,561980

2,983840

3,043300

3,154558

3,366636

0,07

 წყარო:საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით საქართველოს მშპ 2016 (14,2 მლრდ) წელს შეადგენდა მსოფლიო მშპ-ს (75,641577000 ტრილიონი) 0,02%, ხოლო საქართველოში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016 წელს (1,571 მლრდ) შეადგენდა მსოფლიო პუი-ს (1,757000000000 ტრილიონი) 0,09%-ს. სახეზეა აშკარა ტენდენცია, რომელიც ცხადყოფს საქართველოს ფარდობით უპირატესობას მომსახურების ექსპორტში. ანალიზის შემდეგ ეტაპზე განვიხილოთ საქართველოდან ექსპორტირებული 5 წამყვანი სასაქონლო ჯგუფის მონაცემები.

 ცხრილი 3

საქართველოდან ექსპორტირებული წამყვანი სასაქონლო ჯგუფი

 

2012

2013

2014

2015

2016

2016

საქართველო

%-ად მთლიან ექსპორტში 44,18

% -ად მთლიან ექსპორტში 47,80

%- ად მთლიან ექსპორტში 49,47

% - ად მთლიან ექსპორტში 41,61

% - ად მთლიან ექსპორტში 44,47

% - ად მსოფლიო  ექსპორტში

2603

53,535

161,633

248,008

270,601

311,703

0,7

0802

83,658

166,735

183,399

176,632

178,904

1,04

7202

260,578

230,748

285,806

194,766

169,265

0,84

8703

587,296

703,817

517,787

179,646

166,634

0,02

2204

64,828

128,299

180,402

95,796

113,497

0,35

წყარო:საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი.

თითოეული სასაქონლო ჯგუფის მაჩვენებელი (ანუ ამ სასაქონლო ჯგუფის მსოფლიო ექსპორტში საქართველოს ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტის წილი) უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს მთელი სასაქონლო ექსპორტის წილი მთელ მსოფლიო ექსპორტში. ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს აქვს მცირე რაოდენობით, მაგრამ კონკურენტული საექსპორტო პროდუქტები. ამდენად, შეიძლება შემდეგი ჰიპოთეზის Fფორმულირება: საქართველოში უნდა შეიქმნას საექსპორტო სტრატეგიები, რომლებიც ორიენტირებული იქნება არსებული საექსპორტო პროდუქტების საფუძველზე უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საექსპორტო პროდუქციის რეალიზაციაზე. უფრო დეტალურად გავაანალიზოთ სასაქონლო ექსპორტის სტრუქტურა. ამ ანალიზმა უნდა მოგვცეს სწორი მიმართულება ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების დადგენისას. იმისათვის, რომ დაგვედგინა 2016 წლის მთლიან ექსპორტში – 2,113,734 ათასი აშშ დოლარი სამრეწველო პროდუქციის წილი, მოხდა ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ჯართის და რეექსპორტის გამორიცხვა. 27-ე სასაქონლო ჯგუფიდან გათვალისწინებული იქნა მხოლოდ  2716 – ელექტროენერგია. მიღებულ იქნა შემდეგი მაჩვენებელი _ 1,031,334 ათასი აშშ დოლარი.

საქართველოს ექსპორტის საერთო მაჩვენებლიდან არ იქნა გათვალისწინებული პროდუქციის ჰარმონიზებული სისტემის შემდეგი კოდები ორნიშნა დონეზე: 01; 02; 03; 04; 05; 06; 07; 08; 09; 10; 15; 18; 20; 23; 26; 27; 30 (რეექსპორტი); 44; 74; 76; 87 (რეექსპორტი). ცხადია, ჩვენი ანალიზი განიხილავს საქართველოს ექსპორტის ზრდას, როგორც პროდუქციის და არა ბაზრების ფუნქციას. ქართული ექსპორტის აქილევსის ქუსლია საექსპორტო პროდუქციის დაბალი რაოდენობა და არა არსებული საექსპორტო პროდუქციის ახალ ბაზრებზე გაყიდვების ზრდის პრობლემა[1]. სწორედ ეს მოცემულობა უნდა განვიხილოთ, როგორც ექსპორტის ზრდის საფუძველი. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს რეალობაში საექსპორტო პროდუქციის წარმოებაში საკმაოდ მაღალია საიმპორტო მდგენელი, ამდენად ექსპორტის ზრდა წარმოუდგენელია იმპორტის ზრდის გარეშე. სამრეწველო პროდუქციის წარმოება იმპორტის მაღალი წილის გარეშე შეუძლებელია. სამრეწველო პროდუქციის ასეთი დაბალი წილი საქართველოს ექსპორტში აშკარად მიანიშნებს, თუ სად უნდა ვეძებოთ ახალი საექსპორტო პროდუქტები. ამასთან ერთად აუცილებელია რამდენიმე საბაზო მოცემულობის გათვალისწინება: საქართველო არ არის მდიდარი რომელიმე საერთო რესურსით, რაც ამცირებს პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებას; საქართველოში სამუშაო ძალის ღირებულება დაბალი არ არის, ვინაიდან მისი ღირებულება ითვლება არა ერთ საათში გადახდილი თანხით, არამედ ერთ საათში გადახდილი თანხის გაყოფით ერთ საათში გამოშვებულ პროდუქციაზე; საქართველოს შიდა ბაზრის დაბალი ტევადობის გამო შიდა ბაზარზე გაყიდვები, ვერ იქნება საგარეო გაყიდვების დამზღვევი, ამდენად გაყიდვები საგარეო ბაზრებზე თავიდანვე უნდა გახდეს მომგებიანი; ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობა გააძვირებს ახალ საექსპორტო პროდუქტებს.

გარდა ამ ფაქტორებისა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ახალი საექსპორტო პროდუქციის შექმნის პერსპექტივებზე აუცილებელია ვისაუბროთ ასევე დადებით ფაქტორებზე. საქართველოს საგარეო ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებული იყო მაქსიმალურ გახსნილობაზე, მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოებთან, დსთს-თან, თურქეთსა და ჩინეთთან; საქართველოს ამავდროულად აქვს პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა შესაძლებლობას გვაძლევს ყველა წევრ-ქვეყანასთან გვქონდეს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ევროკავშირის, დსთ სივრცისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი-ქვეყნების ბაზრებზე წვდომისათვის; საქართველოში შესაძლებელია ისეთი პროდუქციისა და მომსახურების შექმნა, რომელიც მოითხოვს მაღალ შემოქმედებით უნარებს.

 ევროკავშირში ცხოვრების დონის მუდმივი ზრდა ამავდროულად ახდენს არამასობრივი, კონკრეტულ მომხმარებლებზე მორგებული, მაღალი ხარისხის მქონე პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდას. მიზანშეწონილია ყველა ამ ფაქტორის მოქმედების გათვალისწინებით მოხდეს კონკრეტულ ბაზრებზე მორგებული საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება. ასეთ დროს ხშირად იხსენებენ აზიური და კელტური ვეფხვის ისტორიას და გაუმართლებლად ცდილობენ 60-იანი და 70-იანი წლების წარმატებული, ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელების კოპირებას. პრინციპული შეცდომაა ვითარების გაიგივება წარსულთან, წარსულის ექსტრაპოლირებას მომავალში თან სდევს არასწორი დასკვნების მიღების მაღალი ალბათობა. პრინციპული კი ის შეცდომაა, რომ წარსულის წარმატებული საექსპორტო მოდელები მთლიანად ეფუძნებოდა რელევანტურ ინდუსტრიულ პოლიტიკას. კერძოდ ინდუსტრიული რევოლუციის მეორე ტალღამ შექმნა ელექტროენერგია, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხოლო ამწყობი საწარმოები ჴ როგორც სამრეწველო პროდუქციის გამოშვების ძირითადი ფორმა. 80-იანმა და 90-იანმა წლებმა ამ განვითარებაში შეიტანა ახალი ელემენტი, ინდუსტრიული რევოლუციის მესამე ტალღა _ რობოტოტექნიკა. ხელით შრომის მასიური ჩანაცვლება მოხდა რობოტების მეშვეობით. სავსებით ცხადია, რომ წარმატებული საექსპორტო სტრატეგია უნდა დაეფუძნოს რელევანტურ ინდუსტრიულ პოლიტიკას. დღევანდელი რეალობით კი ესაა სამრეწველო რევოლუციის მეოთხე ტალღა, რომელიც ხასიათდება სამი ელემენტით: კიბერ-ადამიანური სისტემები, საგნების ინტერნეტი და ღრუბლოვანი კომპიუტერული ტექნოლოგიები. ცხადია, წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება თუ საქართველო გაიაზრებს, რა ადგილი შეუძლია დაიკავოს თანამედროვე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში. ამ გააზრებისათვის კი აუცილებელია, კარგად წარმოვიდგინოთ რა შედეგები მოაქვს მე-4 იდუსტრიულ რევოლუციას, რა არის მისი ძირითადი ტრენდები და პრაქტიკული გამოვლენის ფორმები. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა რეტროეკონომიკიდან არ აღმოჩნდეს ნეკროეკონომიკაში. “რეტროეკონომიკა ესაა ის მდგომარეობა, როდესაც არსებული კომპანიები იყენებენ მოძველებულ ტექნოლოგიებს, მაგრამ მათ პროდუქციაზე მაინც არსებობს გარკვეული მოთხოვნა” [Papava, V, 2017]. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ხელშეწყობა არ აღმოჩნდეს რეტროეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის ხელოვნური გახანგრძლივების მცდელობა, რაც სავსებით შესაძლებელია ქართულ ეკონომიკურ რეალობაში, სადაც კვლავ ძლიერია ბაზრის დაცვითი მექანიზმების ფართოდ გამოყენებისა და სახელმწიფო დოტაციების იდეები. ჩვენს რეალობაში, ისედაც მწირი ფინანსური რესურსები ასეთი მიდგომების რეალიზებისას სრულიად არარაციონალურად იქნება გამოყენებული.

ზოგადად საზოგადოების ნებისმიერი განვითარება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. რაც ადრეულ პერიოდში განიხილებოდა, როგორც ელიტარული მოხმარების სფერო, ნელ-ნელა ხდებოდა საყოველთაო მოხმარების. ეს ტენდენცია ეფუძნებოდა მუდმივად მზარდ მწარმოებლურობას, რომლის საფუძველს ქმნიდა უფრო ჩქარი და მოქნილი ტექნოლოგიები, უფრო წარმადი მანქანა-დანადგარები. დღევანდელ დღეს აუცილებელი გახდა იგივე სისწრაფე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ამას ემსახურება მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, საჭირო ხდება გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება, ერთი ტექნიკური მოწყობილობა პირდაპირ უნდა დაუკავშირდეს მეორე ტექნიკურ მოწყობილობას და შეძლოს საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. კუნთური ენერგიის იმიტაცია აღარ კმარა, საჭირო ხდება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების იმიტირება. ცხადია, გამოხატვის ფორმა იქნება მრავალგვარი, ხოლო შედეგი ჴ პროდუქცია და მომსახურება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ამ ინდუსტრიულ რევოლუციას ექნება თავისებურებები, ამწყობი საწარმოების მაგიერ საჭირო გახდება ინფორმაციის შენახვის და გადაცემის ცენტრების ფორმირება, სამგანზომილებიანი ბეჭდვის განვითარებამ შესაძლებელია შეამციროს საქონლის სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა. ასევე კარგად უნდა იქნეს გააზრებული ეკონომიკის განვითარების საერთო ტენდენციები: ასეთია “ცირკულარული” ანუ უდანაკარგო ეკონომიკა; ზუსტი (კოორდინირებული) სოფლის მეურნეობა; საერთაშორისო კვლევითი ცენტრები, სადაც იქმნება ინოვაციების მენეჯმენტის თანამდროვე მიდგომები. უდანაკარგო ეკონომიკა ნიშნავს მეორადი ნედლეულის მაქსიმალურ გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ეკონომიკის რესურსებზე დამოკიდებულების დონეს. ამ მოვლენას შესაძლებელია მოჰყვეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უკუსვლა, ანუ თუ ადრე ინვესტიციები განვითარებული ქვეყნებიდან მიდიოდა ნაკლებ განვითარებულ, მაგრამ რესურსულად მდიდარ ქვეყნებში, ახლა ინვესტიციები წავა განვითარებული ტექნოლოგიების მქონე სახელმწიფოებში. სამრეწველო რევოლუციის მე-2 და მე-3 ეტაპისათვის დამახასიათებელი წვდომა იაფ მუშახელზე აღარ იქნება პრინციპული, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი პროდუქცია მინიმუმამდე მოითხოვს ხელით შრომას. ამდენად, საქართველოსათვის იხსნება ინვესტიციების შემოდინების ორი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი: რესურსული სიღარიბე და იაფი მუშახელის არარსებობა. მაგრამ რა ფაქტორები გახდება ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, ეს იქნება მონაცემთა ადვილად მიღებისა და გადაცემის შესაძლებლობები, დიდი მოცულობის მონაცემთა შენახვის შესაძლებლობები, ქვეყანაში შესაბამისი ტექნოლოგიების მცოდნე პირების რაოდენობა და მათი ხელმისაწვდომობა. ასევე თავიდან გასააზრებელი იქნება საგნების ინტერნეტის პარალელურად პროდუქციის მცირე პარტიების საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიწოდების შესაძლებლობა. ალბათ ზედმეტია საუბარი, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უწყვეტი მუშაობა. თავისი არსით შეიცვლება ინვესტიციების ბუნებაც, მნიშვნელოვანწილად ეს იქნება პროგრამული პროდუქტები, რომლებსაც დაჭირდება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრები. ინდუსტრიული რევოლუციის მე-4 ეტაპი სულ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მომსახურების ექსპორტზე. ამავდროულად გაჩნდება მოთხოვნები ახალ მასალებზე, რომლებიც აუცილებელია სხვა, ასევე ახალი პროდუქციის შესაქმნელად. საექსპორტო სტრატეგიები ასეთ შემთხვევებში წარმოდგენილი იქნება, როგორც თანამედროვ ინდუსტრიული პოლიტიკის გატარების კონკრეტული მექანიზმები.

ამდენად, ამ ეტაპზე უნდა განვსაზღვროთ შეზღუდული რესურსების პირობებში ექსპორტის ზრდის რომელი მოდელის გამოყენებაა გამართლებული: ექსპორტი, როგორც ეკონომიკის ზრდა; ექსპორტი და სტაბილური, დაცული სამუშაო ადგილები თუ სხვა. ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველაზე სწორია ექსპორტის ღირებულების ზრდა, რაც შესაძლებელია უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის გამოშვებით. პრიორიტეტი უნდა მიეცეს არსებული საექსპორტო პროდუქტებისაგან უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებას ან არსებული საექსპორტო პროდუქტების უფრო მაღალ ფასებში გაყიდვას.

ამ მიმართულებებით  უნდა გადაიდგას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები: შოკოლადის და ნაყინის მსოფლიო მწარმოებლებისათვის, საიუველირო პროდუქციის მწარმოებლებისა და ფეროშენადნობების ბაზაზე პროდუქციის მწარმოებლებისათვის მოხდეს საინვესტიციო შეთავაზების ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის დაწევას 5%-მდე;

-    მოხდეს რეექსპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა  საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის განვითარების მეშვეობით. საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერატორებს გაუმარტივდეთ წვდომა საქართველოში არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

-    დამუშავდეს სპეციალური პაკეტი, რათა მოხდეს პუი-ს მაქსიმალური ხელშეწყობა მომსახურების სფეროში.

2.  საექსპორტო სტრატეგიის და თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის ურთიერთკავშირი 

საქართველოს რეალობაში

ინდუსტრიული პოლიტიკის მნიშვნელობა და მისი წარმატებული მაგალითები ცალსახად მიუთითებს, რომ წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკა მთლიანად იზიარებს მსოფლიოში არსებულ სამრეწველო განვითარების დონეს. შეუძლებელი იყო მე-20 საუკუნის 50-იან წლებში წარმატების მიღწევა, თუ ძირითადად გამოყენებული იქნებოდა ორთქლზე მომუშავე მანქანა-დანადგარები. სწორედ იგივე ვითარებაა ახლა, როდესაც წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებას ცდილობენ სამრეწველო რევოლუციის უკვე არსებული ან განვლილი ეტაპების გათვალისწინებით. შეუძლებელია წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკა არ დაეფუძნოს სამრეწველო რევოლუციის მეორე და მესამე ეტაპებს. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, როდესაც კონკურენტული ხარ გლობალურად. შესაძლებლობა, რომ იყო კონკურენტული გლობალურად წარმოადგენს ძირითად პირობას იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ინდუსტრიული სექტორის ზრდას. ეს დებულება მიჩნეული უნდა იქნეს აქსიომატურად, ვინაიდან მიღწეული გლობალიზაციის პირობებში მანძილი აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

კონკურენციის გლობალური ხასიათი აყალიბებს ახალ ვითარებას, როდესაც წარმოიშობა კარგად ცნობილი “წითელი დედოფლის” ფენომენი ჴ იმისათვის, რომ იმავე ადგილზე დარჩე სადაც ხარ, უნდა იმოძრაო ძალიან სწრაფად. ის ქვეყნები, რომლებიც ვერ მიჰყვებიან ამ თამაშის წესებს, სულ უფრო და უფრო ჩამორჩებიან ინდუსტრიული განვითარების თვალსაზრისით. ქვეყნის წარმატების საწინდარია მუდმივი სწრაფი მოძრაობა წინ. სხვაშემთხვევებში ხდება გარკვეული ქვეყნების მარგინალიზაცია და ისინი ვეღარ შეძლებენ ინდუსტრიული ზრდის პროცესიდან მიიღონ სარგებელი. ეს უკანასკნელი დებულება ალბათ ძალიან კარგად ასახავს საქართველოს რეალობას. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ჩამორჩენამ განაპირობა საქართველოს მარგინალიზაცია და რეტროეკონომიკის ფორმირება [Papava, V,. 2013]. ამ პერიოდში, გარდა ობიექტური სირთულეებისა (სამოქალაქო ომი, პოლიტიკური არასტაბილურობა), დაემატა არსებული ვითარების არასწორი გააზრება. ეს ძირითადად გამოიხატებოდა ორ, შეიძლება ითქვას, ურთიერთდაკავშირებულ შეცდომაში: ერთი ეფუძნებოდა პრობლემის გადაწყვეტის მცდელობას ტრადიციული სამეურნეო კავშირებისა და ბაზრების აღდგენით, მეორე კი წარუმატებლად ცდილობდა საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში ამწყობი საწარმოების საფუძველზე. ორივე ამ შეცდომის მეთოდოლოგიური საფუძველი ერთია ჴ ორივე შემთხვევაში ცდილობდნენ სამრეწველო რევოლუციის მეორე ფაზის შესაბამისი გადაწყვეტილებებით მომხდარიყო არსებული პრობლემების გადაწყვეტა, მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარეობდა სამრეწველო რევოლუციის მესამე ეტაპი ჴ რობოტოტექნიკის დანერგვა. ცხადია, არასწორ მეთოდოლოგიურ საფუძველზე შექმნილი პროგრამები და პროექტები ვერ მოიტანდა შედეგს. ამ სავალალო ვითარებას ამძიმებდა სოციალური ფონი და საქართველოს ხელისუფლებების მუდმივი მცდელობა, გადაედგათ პოპულისტური ნაბიჯები. მარგინალიზებული ქვეყნისათვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უნდა დაეფუძნოს რამდენიმე შესაძლო ვარიანტს - გაზარდოს საკუთარი უნარები. საკუთარი უნარების ზრდა შესაძლებელია: 1) კვლევების დაფინანსებით; 2) პუი-ს მოზიდვით; 3) ორივე ამ გზის კომბინირებით. უახლოეს წარსულში ძირითად მიმართულებად, ისევე, როგორც დღეს, მიჩნეული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიდგომის მომხრეები აყალიბებდნენ ერთი შეხედვით საკმაოდ ლოგიკურ მოდელს. მოზიდული ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი სამუშაო ადგილები ნიშნავს უმუშევრობის შემცირებას და ავტომატურად სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ასეთ ვითარებაში კი, ყველა შემდგომ ნაბიჯს დაარეგულირებს საბაზრო მექანიზმი. ამ მოდელის ნაკლოვანება ის არის, რომ ის ეფუძნება 60-იანი ან 70-იანი წლების რეალობას. 21-ე საუკუნეში კი, თანამედროვე ინდუსტრიული რევოლუციის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. კერძოდ, კიინდუსტრიული რევოლუციის 4.0. კონცეფციის მიხედვით, არსებობს გარკვეული პრობლემები ექსპორტის ზრდისა და დასაქმების შემცირების თვალსაზრისით. კერძოდ, ხდება ძველი სამუშაო ადგილების ჩანაცვლება ახლით, ხოლო მომუშავეთა გადაყვანა ძველი სამუშაო ადგილებიდან ახალში შეუძლებელი ხდება კვალიფიკაციის განსხვავების საფუძველზე. რეალურად, ინდუსტრია 4.0. ითხოვს თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებას. ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაში კონკურენტული პოზიციების შენარჩუნება მოითხოვს მუდმივად პროდუქციის დანახარჯების შემცირებას, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს დასაქმებულთა რიცხოვნობას. სავსებით გასაგებია, თუ რატომ ვიღებთ ერთი შეხედვით პარადოქსულ ვითარებას ჴ იზრდება პროდუქციის წარმოების მოცულობა, იზრდება მისი ექსპორტი, ხოლო პარალელურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა. ასევე საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა სოციალური შედეგები. ერთი მხრივ იზრდება უკვე დასაქმებულთა რეალური შემოსავლები, ხოლო უკვე დასაქმებულებიდან გარკვეული ნაწილი კარგავს სამუშაო ადგილებს. ამდენად აუცილებელია ყველა ამ მოვლენის გათვალისწინება და ამის შესაბამისად თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირება. ალბათ ცალსახად გასაგებია, რომ თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ინდუსტრიული რევოლუციის თანამედროვე ეტაპს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, კარგად გაიაზროს ყველა მიმდინარე ტენდენცია.

გარკვეული გატაცება ულტრალიბერალური მიდგომებით საკმაოდ ძვირი დაუჯდა საქართველოს, ბაზრის აბსოლუტიზაცია და სრული ჩაურევლობის “იდეალური” სურათი ილუზიაა, რომელიც იმსხვრევა რეალობასთან შეხებისას. საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი და სტრუქტურა ნათელი დადასტურებაა, თუ რატომ დაიმსხვრა ეს წარმოდგენები. რასაკვირველია, წარმატებული საექსპორტო სტრატეგია თანამედროვე პირობებში უნდა იზიარებდეს წარსული წარმატებული სტრატეგიების ზოგად მიდგომებს. ცხადია,  უნდა ხდებოდეს თანამედროვე რეალობის გათვალისწინება. მიდგომებში იგულისხმება იმ კონკრეტული მოდელის გამოყენება, როდესაც ყველა პირობა ესადაგება კონკრეტულ ინვესტორებს. ამწყობ საწარმოებში (ინდუსტრიული რევოლუციის მე-2 ეტაპი) განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ორ ფაქტორს: სტანდარტიზაციას და ხელით შრომის წარმადობას. სწორედ ამ ორი ფაქტორის შერწყმა წარმოადგენდა “აზიური ვეფხვების” წარმატების საფუძველს. პრაქტიკულად იგივე მიდგომა გამოიყენა ირლანდიამ, ოღონდ იმ დაშვების გათვალისწინებით, რომ დადგა ინდუსტრიული რევოლუციის მე-3 ეტაპი (რობოტოტექნიკის გამოყენება) და მნიშვნელოვანი გახდა მომსახურების და არა პროდუქციის უფრო იაფად შეთავაზება მსოფლიო ბაზრისათვის. კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ე.წ. მომსახურების ცენტრების ირლანდიაში გახსნა. საქართველოს რეალობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ სად შეგვიძლია მივაღწიოთ კონკურენტულ უპირატესობას ინდუსტრიული რევოლუციის მე-4 ეტაპზე, სად გვაქვს გარკვეული პოტენციალი, რომელ კონკრეტულ ინვესტორებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, როგორი პროექტები უნდა შევთავაზოთ მათ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება საექსპორტო სტრატეგიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკა. საქართველო უახლოეს წარსულში საკმაოდ გავრცელებულ მოდელს იყენებდა ინვესტორთა მოსაზიდად ჴ სახელმწიფო ახორციელებდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხოლო შემდეგ ინვესტორები თვითონ წყვეტდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. ამ მიდგომას აქვს ორი ფუნდამენტური ხარვეზი: პირველი, ეს მიდგომა უფრო ორიენტირებულია ამწყობ საწარმოებზე, სადაც ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, საწყობები, სასაქონლო ბირჟები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე, ამწყობი საწარმოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელით მომუშავეთა მაღალი წარმადობა. ამდენად ამ მიდგომის ეფექტიანად რეალიზაციისათვის აუცილებელია წარმადი სამუშაო ძალის იმპორტი საქართველოში, რაც ეკონომიკური აზრით სავსებით რეალისტურია, მაგრამ აუცილებელია ასეთი გადაწყვეტილების სოციალური და დემოგრაფიული ასპექტების გათვალისწინება.

ინდუსტრიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: საკომუნიკაციო სისტემები, ინფორმაციის გადაცემისა და მიღების დაცული არხები, ინტერნეტწვდომა და დაფარვა. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია ეკონომიკის ყველა სფეროს “დიჯიტაცია” (გაციფრულება); უაღრესად წარმადი სამუშაო ძალა. ამდენად ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ერთი მხრივ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხების განვითარების თვალსაზრისით, ახლავე ყურადღება უნდა დაეთმოს “დამატებული რეალობის” შექმნის შესაძლებლობას; მეორე მხრივ, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული განათლების ყველა საფეხურზე ინდუსტრიული რევოლუციის მე-4 ეტაპის მოთხოვნები, გაიზარდოს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონე, მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალობებს, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით პრიორიტეტად გამოცხადდეს ციფრულ ტექნოლოგიებსა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესსტრუქტურები. ცხადია, ყველა ამ მიმართულებას ესაჭიროება დეტალიზაცია, კონკრეტული მოთხოვნების ფორმირება და მათი რეალიზაციის კონკრეტული გზების განსაზღვრა. ამ დეტალიზაციისათვის კი აუცილებელია თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა. ცხადია, უნდა განისაზღვროს ის რეგიონები და სახელმწიფოები, რომლებიც ყველაზე ადრე დაიწყებენ ინდუსტრიული რევოლუციის თანამედროვე ეტაპის მიღწევების დანერგვას. ნებისმიერ ამ სიახლეს დასჭირდება ფასეულობათა ჯაჭვი, თუმცა ის განსხვავებული იქნება, ვინაიდან მოხდება არა პროდუქციის, არამედ მომსახურების შექმნა. ცხადია, ამ ფასეულობათა ჯაჭვში საქართველომ უნდა იპოვოს თავისი ნიშები და დაინტერესებულ ინვესტორებს შეუქმნას მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრადიციული ფაქტორები, როგორიცაა ტერიტორიული სიახლოვე, გადაზიდვის ხარჯები აზრს კარგავს და აქცენტი გადატანილი უნდა იქნეს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სოფტვერის შექმნის დანახარჯები, პატენტების გაფორმების სიმარტივე, საჭირო პატენტების შეძენის სიმარტივე, კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო მომსახურების გადაცემის დაცულობა. ეს მიდგომები არ ჯდება ტრადიციულ წარმოდგენებში, თუმცა სწორედ დღეს, ახლებური მიდგომები განაპირობებს წარმატებას თანამედროვე ეტაპზე. სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნიკის განვითარება უსარგებლოს ხდის სატრანსპორტო სისტემებს, თუმცა თავისთავად ცხადია ზრდის მოთხოვნებს ამ ტიპის პრინტერებზე. სად აქვს საქართველოს პოტენციალი და სად შეუძლია ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა, ამ კითხვებზე პასუხები რეალიზებული უნდა იქნას თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაში. აქვე აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს შემდეგი საკითხი, საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება არ წარმოადგენს მოლოდინის რეჟიმს, სანამ არ დამუშავდება ინდუსტრიული პოლიტიკა. საექსპორტო სტრატეგიები თავის მხრივ გავლენას ახდენენ ინდუსტრიული პოლიტიკის ფორმირებაზე. საექსპორტო სტრატეგიები ერთი მხრივ ახდენენ აკუმულირებას თუ რა უპირატესობები გვაქვს, მეორე მხრივ თუ რა შეღავათები უნდა მიენიჭოთ ექსპორტიორებს. ვინაიდან მომსახურების ექსპორტის დროს ძალიან რთულია დარგობრივი კუთვნილების დადგენა ამდენად შეუძლებელი იქნება ცალკეული მომსახურების პრიორიტეტების გამოყოფა. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები, რათა ექსპორტიორები არ აღმოჩნდნენ განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმში. ამდენად მიზანშეწონილია განვსაზღვროთ საექსპორტო ხელშეწყობის ფორმები, და შემდგომ განვსაზღვროთ მათი გამოყენების კონკრეტული გზები. საექსპორტო ხელშეწმყობი Eღონისძიებები ტრადიციულად იყოფა რამდენიმე ნაწილად: ზოგადი, საინფრომაციო, სპეციფიური. ზოგადს მიეკუთვნება საერთო საგადასახადო სისტემა, კერძოდ ექსპორტის განთავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. ექსპორტიორთა ზოგადი მხარდამჭერი ღონისძიებებს მიეკუთვნება, საერთო საბაზო ტრენინგები, ზოგჯერ გარკვეული დარგის სპეციალისტებისათვის ორგანიზებული ტრენინგები სპეციფიურ ტექნიკურ საკითხებზე. საინფორმაციო უზრუნველყოფა მოიცავს, როგორც საბაზო, ასევე საბაზრო ინფორმაციის მიწოდებას. სპეციფიურ ღონისძიებებში შედის გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობა, სავაჭრო მისიების ორგანიზაცია. რა ცვლილებები შემოიტანა თანამედროვე ინდუსტრიამ? რა უნდა გახდეს კონკურენტული უპირატესობის საფუძველი არსებულ რეალობაში? პირველი და მთავარია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მეორე თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე მანძილი აღარაა ბარიერი. საგადასახადო შეღავათები ექსპორტისათვის პრაქტიკულად ყველგან დაწესდა და ამდენად ამ მექანიზმებით უპირატესობის მიღწევა ძალიან რთული გახდა. ზოგადად მობილობის ზრდამ კიდევ უფრო გაამარტივა ახალ გეოგრაფიულ ლოკაციაში გადასვლა. ამდენად ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად უნდა იქნეს განხილული. მომსახურების ექსპორტის განვითარებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს იურიდიული ასპექტები. სტანდარტული საექსპორტო კონტრაქტი აფიქსირებს რამოდენიმე ადგილს: საბაჟო ტერმინალი გამგზავნ ქვეყანაში, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მიმღები ქვეყნის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მიმღები ქვეყნის ტერმინალი. როგორ განვსაზღვროთ იგივე სოფტვერის პროდუქციის ექსპორტირებისას? ყველა ეს ასპექტები მოითხოვს დაზუსტებას და ახლებური ვითარების გათვალისწინებით მათ ასახვას საექსპორტო სტრატეგიებში. ამდენად აუცილებელია ჩამოყალიბდეს წარმატებული საექსპორტო სტრატეგიების ფორმირებისა და განხორციელების მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული ასპექტების თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკასთან დაკავშირების მექანიზმები. აუცილებელია მკაფიოდ დაფიქსირდეს შემდეგი მოცემულობები, რასაკვირველია საექსპორტო სტრატეგიები ეფუძნებიან ინდუსტრიულ პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად წარმოადგენენ ინდუსტრიული პოლიტიკის გარკვეული ახალი მიმართულებების აღმომჩენ მოწყობილობას. დროითი განზომილებების მიხედვით ინდუსტრიული პოლიტიკა უფრო ხანგრძლივადიანი უნდა იყოს ვიდრე საექსპორტო სტრატეგია. მოქნილობის თვალსაზრისით, საექსპორტო სტრატეგიები უფრო მოქნილი უნდა იყოს, ვიდრე ინდუსტრიული პოლიტიკა, ვინაიდან მათი გამოყენება ხდება კონკრეტულ საბაზრო ვითარებაში. ამასთან ერთად ინდუსტრიული პოლიტიკა უნდა ქმნიდეს პროდუქციისა და მომსახურების სპექტრს, რომლის გამოყენება დამოკიდებული იქნება ცალკეულ ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. ცხადია, ინდუსტრიული პოლიტიკისა და საექსპორტო სტრატეგიების ურთიერთობა უნდა ჰგავდეს დამოუკიდებელი მოდულების ურთიერთქმედებას, როდესაც შესაძლებელია გარკვეული მოდულების აღება ინდუსტრიული პოლიტიკიდან და მისი კომბინირება საექსპორტო სტრატეგიასთან, რათა მიღებულ იქნეს კონკრეტულ ბაზარზე ორიენტირებული საექსპორტო სტრატეგია. ცხადია, ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკისა და საექსპორტო სტრატეგიების კოორდინირების საკითხები. აუცილებელია სწორად იქნეს გააზრებული მონაწილე მხარეების და საკოორდინაციო ღონისძიებების რაოდენობა. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ სტატიის მომდევნო ნაწილში.

3.  საექსპორტო სტრატეგიების წარმატებების უზრუნველყოფის ორგანიზაციული ასპექტები

წარმატებული საექსპორტო სტრატეგია უნდა დაეფუძნოს წარმატებულ ინდუსტრიულ პოლიტიკას, რაც თავისთავად  გულისხმობს ამ ორი ელემენტის აუცილებლობას. თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება, სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი განათლების დაკავშირება პრაქტიკასთან, არსებული იდეების რეალურ პროდუქტებად და მომსახურებად გარდაქმნის ეტაპები, ინოვაციების მენეჯმენტის აპრობირებული სისტემები. თავისთავად ეს მოიცავს სხვადასხვა სტრუქტურების ურთიერთქმედებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციულ-სამართლებრივი მრავალფეროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის განსხვავებული მიდგომები, დანახარჯების გათვალისწინების სრულიად სხვადასხვა ფორმები. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა არ არის  ქაღალდზე არსებული დოკუმენტი, არამედ ის წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას, რომელსაც აქვს მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული: გაზომვადი მიზნები, რეალიზაციის ბერკეტები, კონტროლის მექანიზმები. საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა სხვადასხვა კონცეფციების შექმნა, რომლებიც არანაირად არ იყო გამყარებული ფინანსური რესურსებით, ეს მიდგომები უნდა დავივიწყოთ და მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ინდუსტრიული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები. პირველ რიგში საკითხი ეხება დაფინანსებას, აუცილებელია ნათლად იქნეს ხაზგასმული, რომ დაფინანსების საკითხი არ მოიცავს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას, პირველ რიგში უნდა მოხდეს არსებული ფინანსური რესურსების ოპტიმალურად განაწილება. ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი და მრავალასპექტიანი პოლიტიკის რეალიზაცია, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს კროს-სამინისტროების ფუნქციას და ამდენად რესურსები თითოეული სამინსიტროს შიგნით უნდა იქნეს გადანაწილებული. სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების პრიორიტეტული მიმართულებები, ცხადია, უნდა შესაბამისად დაფინანსდეს, ცხადია, ასეთივე პრიორიტეტი უნდა იყოს შესაბამისი ახალი სამეცნიერო კადრების მომზადება და ცხადია სასკოლო პროგრამებში აუცილებელია საბუნებისმეტყველო საგნების მომზადების დონის გაზრდა. ამდენად გასაგები უნდა იყოს, თუ რომელი სპეციალობები იქნება სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და რომელ სპეციალობებზე დადგინდება მინიმალური მოთხოვნები. ასეთივე მიდგომა უნდა განხორციელდეს საწარმოებისა და მეწარმეების წახალისებისას. მიზანშეწონილია ბიზნესის წახალისების სხვადასხვა პროგრამების გაერთიანება ერთ პროგრამაში და ამ უკანასკნელში პრიორიტეტების გამოყოფა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პოპულისტური მიდგომა _ ყველას გავუწიოთ დახმარება და გავზარდოთ ბენეფიციართა რიცხვი ჴ არ მოიტანს სასურველ შედეგს შეზღუდული რესურსების პირობებში. არ უნდა მოხდეს ახალი სტრუქტურების ფორმირება, ვინაიდან, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ხდება ძალიან დიდი ძალისხმევა ახალი სტრუქტურის შესაქმნელად, ხოლო ამ უკანასკნელის ეფექტიანობა დაბალია. მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული უკვე არსებული სტრუქტურები, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო, ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების პოტენციალი უნდა იქნეს ათვისებული სრულად. ცხადია, უნდა მოხდეს უკვე არსებული პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიების ინვენტარიზაცია და ამავდროულად განისაზღვროს ყველაზე უფრო პერსპექტიული მიმართულებები.

შეუძლებელია თანამედროვე ინდუსტრიულმა პოლიტიკამ შედეგი მოიტანს 1 ან 2 წელიწადში, მაგრამ გარკვეული რეზულტატები უკვე ამ დროის განმავლობაში უნდა არსებობდეს. თანამედროვე ინდუსტრიულმა პოლიტიკამ ასევე უნდა განსაზღვროს უკვე არსებული პროდუქციის შემდგომი დიჯიტაციის შესაძლებლობები. ხშირად ეს შესაძლებლობები საკმაოდ მარტივია, მაგალითად ქართულ ღვინოებს ჰქონდეს თანდართული კომპიუტერული ჩიპები, სადაც ჩაწერილი იქნება ინფორმაცია როგორც საქართველოზე, ასევე ამ კონკრეტულ ღვინოზე. პრაქტიკულად ეს წარმოადგენს დამატებული რეალობის კონცეფციის რეალიზაციას. თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა თავისი მნიშვნელობით იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ მისი განხორციელება არ შეიძლება იყოს ერთი სამინისტროს ან უწყების საქმე. პრაქტიკულად  ესაა საქართველოს განვითარების სტრატეგია ინდუსტრიული რევოლუციის მეოთხე ეტაპზე. ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს ახალ ფასეულობათა ჯაჭვების ფორმირებაში საქართველოში მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნას, ასეთ ფასეულობათა ჯაჭვებში საქართველოს მიერ ნიშების გამოყოფას. მიზანშეწონილია, ცალკე იქნეს გააზრებული თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შექმნის შესაძლებლობა საქართველოში.

სწორად უნდა შეირჩეს საექსპორტო სტრატეგიის მოდელი. საკითხი ეხება ექსპორტორიენტირებული საწარმოების მიერ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა მოდელი გამოიყენონ: საერთაშორისო ხელშემწყობი პროგრამების ადაპტირების თუ სტანდარტიზების. ადაპტირებული პროგრამები უკეთ ითვალისწინებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, მაგრამ მათი რეალიზაცია უფრო ძვირია. სტანდარტიზებული პროგრამები იაფია, მაგრამ არ ითვალისწინებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამ საკითხის მიმართ მაღალია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ინტერესი. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა დადებითი კავშირი ადაპტირებასა და შედეგებს შორის [Shoham, 1999], ზოგიერთმა აჩვენა  რომ არ არსებობს კავშირი [Lages, Sandy D. Jap, and David A. Griffith 2008], ხოლო ზოგიერთმა აჩვენა უარყოფითი კავშირი [Cavusgil, S. Tamer and Shaoming Zou 1994]. ამ საკითხის უკეთ განხილვისათვის მიზანშეწონილია, მოხდეს ექსპორტიორთა რანჟირება, რათა უფრო სრულად დავინახოთ სურათი და შეგვეძლოს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. რანჟირების კრიტერიუმები დამოკიდებული იქნება ზომაზე, საექსპორტო გამოცდილებაზე, საექსპორტო ბაზრებზე და ა.შ.

 წარმატებული საექსპორტო სტრატეგია თანამედროვე პირობებში წარმოადგენს კონკურენტულ უპირატესობაზე დაფუძნებულ კარგად გააზრებულ სექტორულ-რეგიონულ მოქმედებათა გეგმას. როგორც მოვლენათა განვითარების ლოგიკა აჩვენებს, საქართველოსათვის მიზანშეწონილია რეგიონულ სავაჭრო ბლოკებთან ურთიერთობის გააქტიურება. ამ თვალსაზრისით ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია. გეოგრაფიული სიახლოვე, ბაზრებზე თავისუფალი წვდომა და სავაჭრო ბლოკის წევრი-ქვეყნების ცხოვრების მაღალი დონე და აქედან გამომდინარე ბაზრის მაღალი ტევადობა. შესაბამისად, ეს რეგიონი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ პრიორიტეტად. ამდენად, საექსპორტო სტრატეგია შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი მოქმედებების ერთობლიობა. ხანგრძლივვადიანი, ცხადია, იქნება თანამედროვე ინდუსტრიულ პოლიტიკაზე დაფუძნებული ღონისძიებები. ეს წარმოადგენს საექსპორტო სტრატეგიის საფუძველს. ამის შემდეგ ყალიბდება მოკლევადიანი ღონისძიებები, რომელთა ინტენსიურობა და მოქმედების კონკრეტული გეგმები დეტალიზებული იქნება რეგიონების მიხედვით. აუცილებელია დეტალურად გავწეროთ ამ ღონისძიებების ჩამონათვალი. აქ შედის საბაზრო კვლევები, სავაჭრო მისიების ორგანიზება, გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღება, საექსპორტო ოპერაციების დაზღვევა. აქვე ხაზი უნდა გაესვას შემდეგ მნიშვნელოვან საკითხს, ყველა ამ ღონისძიების გატარებას რეზულტატი მოაქვს მაშინ, როდესაც საწყისი სამუშაოები ჩატარებულია და განსაზღვრულია პრიორიტეტული საექსპორტო პროდუქტები/მომსახურება და საექსპორტო ბაზრები. სხვა პირობებში ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება უკეთეს შემთხვევაში იქნება დაბალი ეფექტიანობის მქონე პიარული აქციები, ხოლო უარეს შემთხვევაში გადაიქცევა მორიგ არამიზნობრივად გახარჯულ თანხებად.

აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს უახლესი ტრენდები, ვაჭრობის ხელშეწყობის ღონისძიებებისადმი ინტერესის ახალი ტალღის გაჩენა. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შეიმუშავა ახალი გლობალური ინდექსი ჴ ვაჭრობის ხელშეწყობის ინდექსი. სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ვაჭრობის ხელშეწყობის სხვადასხვა ასპექტებს. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის მიხედვით, “ვაჭრობის ხელშეწყობის ქვეშ განიხილება ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც ამცირებს ექსპორტის/იმპორტის ტარიფებს. ზღვრული ეფექტიანობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მცირდება ერთ სულზე შემოსავლების ზრდასთან ერთად, და იზრდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი”. გამოიყოფა ვაჭრობის ხელშეწყობის “მყარი” და “რბილი” ფაქტორები. ვაჭრობის ხელშემწყობ “მყარ” ფაქტორებში გამოიყოფა ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ხოლო “რბილ” ფაქტორებში _ გამჭვირვალობა/საბაჟო მენეჯმენტი და ბიზნეს გარემო”  [Alberto Portugal-Perez, John S. Wilson, 2010]. ცხადია, საქართველომ აქცენტი უნდა გადატანოს ე.წ. “რბილ” ფაქტორებზე, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო სტრატეგიების წარმატებით განხორციელებას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია. ცხადია, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ შეირჩეს ურთიერთქმედების ისეთი მექანიზმი, სადაც ყველა მონაწილე მხარე დარწმუნებულია საკუთარი ინტერესების სამართლიან დაცვასა და რეალიზაციაში. ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მოდელებს იყენებენ. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობდა ურთიერთქმედების გარკვეული ტრადიციები, მთავრობებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ისინი მოქმედებენ როგორც ხალხის მიერ დაქირავებული პირები. ცხადია, ჩვენს რეალობაში, სადაც მთავრობა ნაკლებად გრძნობს თავს დაქირავებულად და უფრო მეტად თავი წარმოუდგენია, წარმმართველ ძალად, რთული იქნება კოორდინირების ისეთი მექანიზმის შემუშავება, სადაც ყველა მხარე საქმიანობის თანაბარი მონაწილე და პარტნიორია. ამდენად აუცილებელი იქნება ისეთი სტრუქტურების გამოყენება, რომლებიც თანაბრად დაცილებული არიან როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან, ასევე კერძო სექტორისაგან. გამომდინარე ამ მოცემულობიდან, საჭირო იქნება ისეთი სტრუქტურა, სადაც კერძო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან ნდობა მაღალი იქნება. ასეთად შეიძლება წარმოვიდგინოთ კონკურენტუნარიანობის საბჭო, სადაც მონაწილეობენ სამთავრობო სტრუქტურები, კერძო სექტორი, კვლევითი ორგანიზაციები. პრაქტიკულად, საბჭო წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც მუდმივად მუშაობს ქვეყნისა და ცალკეული პრიორიტეტული დარგების კონკურენტუნარიანობის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი სამუშაოები მუდმივად მოითხოვს საკმაოდ ინტენსიური კვლევის წარმოებას. ამ ტიპის კვლევის წარმოება ერთი მხრივ აუცილებელია ტარდებოდეს ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, თუმცა მეორე მხრივ, ისინი საკმაოდ ძვირადღირებულია. აუცილებელია დაფინანსების ძალიან კარგად აპრობირებული და მოქნილი მექანიზმის ფორმირება. ცხადია, დაფინანსება არ შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო სახსრებიდან, ამდენად, მიზანშეწონილია, დაფინანსების შერეული სქემის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხის სწორად გააზრება, რომ საბჭო ამავდროულად შეასრულებს კერძო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთობის საკომუნიკაციო პლატფორმის როლს. აუცილებელია საბჭოში უზრუნველყოფილ იქნეს საექსპორტო პოტენციალის მქონე ყველა სექტორის თანაბარი მონაწილეობა. საბჭო წარმოადგენს სხვადასხვა ინტერესებისა და მოქმედებების მქონე ვექტორების გაერთიანებისა და საერთო გეგმების ფორმირების ყველაზე უფრო კარგად მორგებულ ინსტრუმენტს. შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რომელიმე მოდელის ბრმა კოპირება.  

სქემატურად ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

 

 

ცხადია, როგორც ნებისმიერი სქემატური წარმოდგენა ეს სქემაც ბოლომდე ვერ ასახავს მოვლენის ყველა მხარეს და ყველა ასპექტს, თუმცა გადმოსცემს მოვლენებისა და პროცესების განვითარების სწორ თანამიმდევრობას. ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კონკურეტუნარიანობის საბჭოში ფართოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ყველაზე უფრო ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლები.

დასკვნა

ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიძლება ცალსახად გამოიყოს საექსპორტო სტრატეგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის ურთიერთობის აუცილებლობა. თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ინდუსტრიული რევოლუვიის მე-4 ეტაპს. აუცილებელია კონკურენტუნარიანობის საბჭოს ფორმირება, ასევე მიზანშეწონილია მწარმოებელთა დახმარების სხვადასხვა პროგრამების გაერთიანება ერთ პროგრამაში, სადაც გაწერილი იქნება პრიორიტეტები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. 1.      O’Cass, Aron and Craig Juliann (2003), “Examining Firm and Environmental Influences on Export Marketing Mix Strategy and Export Performance of Australian Exporters”. European Journal of Marketing, 37 9314) 366-84.
  2. Best, M.H./ Garnsey, E., Edith penrose, 1914-1996, The Economic Journal, 109,453, 1999, pp.187-201; Garnsey, E, The Resource Based Theory of the Growth of the Firm, in Ellis, k./ Gregory, a./Ragsdell,G. (eds) Critical Issues in Systems Theory and Practice, New York:Plenum Press 1995,pp. 239-244.
  3. Papava, Vladimer, Retroeconomics – Moving from Dying to Brisk Economy, Journal of Reviews on Global economics, 2017, 6, pp 455-462.
  4. Papava, V. (2013). Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. New York: Nova Science Publishers.
  5. Alberto Portugal-Perez, John S. Wilson, 2010 WB- Policy Research Working Paper, Export Performance and Trade Facilitation Reform.
  6. Shoham (1999), “Bounded Rationality, Planning, Standartization of International Strategy and Export Performance: A Structural Model Examination,” Journal of International Marketing, 792), 24-50
  7. Lages, Sandy D. Jap, and David A. Griffith (2008), “The Role of past Performance in Export Ventures:A Short-TermReactive Approach,” Journal of International Business Studies, 39, (2), 304-325
  8. Cavusgil, S. Tamer and Shaoming Zou (1994), “Marketing Strategy-Performance Relationship: An Investigation of the Empirical Link in Export market Ventures,’ 42(1), 225-245
  9. Gaganidze, G.(2016). Georgian Export Potential Utilization on the EU Market, Journal of International Management Studies, Volume16, Number 1.
  10. Gaganidze, G.(2015). Export Potential and Competitive Advantage, scientific and practical journal, Economics and Business, N3.
  11. Gaganidze,G.(2015). Export Potential of Georgian Agricultural Products on the EU Market (Based on Competitive Advantages and Market Entry Modes), European Journal of Business Research, Volume 15, Number 2, ISSN326:1945-2977.
  12. Gaganidze,G.(2014) Competitive advantages of Georgian non-agricultural products on the EU Market, International Academic Conference, Business and Globalization, Dubai, 2-3rd February, ABRM, ISBN 2047-2854.
  13. Gaganidze,G.(2014). Competitive Advantage of Georgian Agricultural Products on the EU Market, International Academic Conference on Economics, Management and Marketing in Prague, (IAC-EMM 2014) 7-8, August, Conference proceedings, ISBN 978-80-905442-6-0.
  14.   Gaganidze,G. (2014). Systematic Approach to Research the Competitive Advantage, TSU, scientific and practical journal, Economics and Business, N4, 2014 .
  15. Gaganidze,G. (2014). Determining the production export potential index, TSU, scientific and practical journal, Economics and Business, N1, January-February.
  16. 16.Silagadze, A., Zubiashvili, T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS), pp. 441–448.
  17. 17.Silagadze, A., Atanelishvili,T. (2014). The main economic indicators of the EU and Georgia “Topical problems of the development of economy and economic science.” Collection of scholarly works of Paata Gugushvili Institute of Economics TSU, pp.50-52.


[1] am sakiTxze avtoris publikaciebi miTiTebulia sqolioSi 9-15.